COVID 19 _ ულტრანაციონალური ჯგუფების გავლენის იარაღი

ქართული ულტრანაციონალური ჯგუფები Covid - 19 ის პანდემიის
პირობებში აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას,
ანტიდასავლურსა და ანტილიბერალურ გზავნილებს

Სამყარო ნამდვილად ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც covid 19-მდე იყო, თუმცა არსებობს საგნები, მოვლენები ან თუნდაც ადამიანები, რომლებსაც ვერაფერი ცვლის. მათ რიცხვს კი მიეკუთვნება ულტრანაციონალური კონსერვატორული ჯგუფები.


კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აღნიშნული ჯგუფები ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის ანტიდასავლურ, ანტილიბერალურსა და დეზინფორმაციულ გზავნილებს, რაც უფრო მეტად ამძიმებდა ქვეყანაში არსებულ კრიზისულ სიტუაციას და მოსახლეობის დაძაბულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მათ შორის ჩემსასაც. სახლებში დარჩენილი მოსახლეობისთვის ყველაზე მარტივი და სწრაფი ინფორმაციის მიღების საშუალება იყო სოციალური ქსელი, რომლის დიდი ნაწილი აქვთ ათვისებული სწორედ ამ რადიკალურ ულტრანაციონალურ ჯგუფებს, ამიტომაც ნებით თუ უნებლიედ ჩვენ ყველა მათი მსხვერპლნი აღმოვჩნდით.


10-ზე მეტი ულტრანაციონალური ჯგუფის Facebook გვერდზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს იმ ინფორმაციულ ველს, რომელსაც ისინი პანდემიის დროს ქმნიდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ულტრანაციონალურ კონსერვატორულ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავთ სოციალურ ქსელში და დღითი დღე იზრდება მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ დადებითად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა.
სოციალურ მედიაში დაკვირვების ქვეშ მყოფ ჯგუფებს ძირითადად ჰქონდათ 6 საკმაოდ პროპაგანდისტული გზავნილი,რასაც იყენებდნენ თავიანთი იდეოლოგიისა და მოსაზრებების განსამტკიცებლად. ყველაზე აქტიურად კი ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას covid-19 ის წარმოშობის თაობაზე, ანტიდასავლურ ნარატივებსა და კორონა ვირუსის ჯერ არ შექმნილი ვაქცინის მავნებლობის შესახებ.
ულტრანაციონალური ჯგუფების მიერ COVID 19-ის  პანდემიის პერიოდში გავრცელებული 6 გზავნილი  
ჩინელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა
ულტრანაციონალური ჯგუფების ნაწილი კორონავირუსის წარმოშობას უკავშირებს ჩინეთს, კონკრეტულად უხანის ლაბორატორიას. ნაწილი კი, მაგალითად აინიუსი, მის შემქნელებად ბილ გეითსა და ილონ მასკს მოიხსენიებს.
ევროპული სოლიდარობა არ არსებობს, ეს იყო ფურცელზე დაწერილი ზღაპარი
მათი ერთ-ერთი სამიზნე იყო ევროკავშირი და დასავლეთი. ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა მარტო დატოვა იტალია და კორონავირუსი არის ევროკავშირის კუბოზე უკანასკნელი ლურსმანი.

თუ ვინმე ვინმეს გადასდებს ეკლესიაში ვირუსს, პირველ რიგში ჟურნალისტები
პანდემიის პერიოდში დიდი ვნებათაღელვა სუფევდა ეკლესიებში, რელიგიურ ინსტიტუტებში. მედიები ამზადებდნენ რეპორტაჟებს, რომ ეკლესიებში მრევლის ლოცვას დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ეს იქნებოდა ვირუსის გავრცელების დიდი რისკის მატარებელი. ამის ფონზე კი მღვდელმთავრები გადავიდა მედიასა და ჟურნალისტების შეტევაზე და მოუწოდებდნენ, რომ მედია საშუალებები, განსაკუთრებით კი პირველი არხი და მთავარი უნდა დახურულიყო, რომ მრევლი უფრო იცავდა წესებს ვიდრე ჟურნალისტები და საგანგებო მდგომარეობა იკო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული. ულტრანაციონალური ჯგუფები კი პოზიციონირებენ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამიტომაც აზიარებდნენ ამ ღვდელმთავრების პოსტებს და ციტატებს ეკლესიის დასაცავად.
ნუ აიცრებით, ვაქცინა კლავს
ულტრანაციონალური ჯგუფები ავრცელებენ შეთქმულების თეორიებს ჯერ არ შექმნილი კოვიდ 19-ის ვაქცინაზე. მაგალითად რომ კორონავირუსის ვაქცინით უნდა მოხდეს მოსახლეობის დაჩიპვა და ვაქცინაზე გამოსახულია სიკვდილის ღმერთი აბინუსი.
COVID 19-ს დადებითი მხარეებიც აქვს
ავრცელებენ იმ დადებით მხარეს, რომელიც კოვიდ 19-მა მოუტანა მათ.
გაიზარდა პატრიოტული სულისკვეთება, გაიზარდა გულისხმიერება, დაიხურა კლუბები, მევახშეები წავიდნენ დათმობაზე,კაზინოებში შემცირდა ხალხი,შემცირდა ბორდელების მოხმარება, შემცირდა ქვეყნიდან ქართველების გადინება და უცხოტომელების შემოსევა, გაუქმდა გეი პარადები.

კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტ-ტექნოლოგიების გადამცემ სისტემას _ 5G-ს უკავშირდება
მათ დაიწყეს პირბადეებისა და 5G ინტერნეტის წინააღმდეგ პროპაგანდა. შექმნეს კონსპირაციები, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G-ს უკავშირდება.
ულტრანაციონალური ჯგუფები ავრცელებდნენ და მანიპულირებდნენ სხვადასხვა დეზინფორმაციით. მათი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა კოორდინირებულად და სავარაუდოდ აშკარა განზრახ შეთანხმებით. ხშირ შემთხვევაში კი სრული ტექსტუალური სიზუსტით აქვეყნებდნენ პროპაგანდისტულ გზავნილებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ულტრანაციონალურ ჯგუფების მიერ გავრცელებულსა და პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებულ გზავნილთა შორის იყო საერთო ბმები. შედარებისთვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების(ISFED) 2020 წლის 26 მარტის კვლევა კრემლის 10 დეზინფორმაცია COVID-19-ის შესახებ საქართველოში გამოდგება, რომლის ძირითადი აქტორია News Front Georgia. აქედან გამომდინარე ულტრანაციონალური ჯგუფები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. პირველი, რომლებიც არიან პრორუსული ორიენტაციისა და მეორე, რომლებიც არ არის კრემლისტური გაერთიანებები.
რა აერთიანებთ მათ?

1.ორივე მათგანი კორონავირუსის წარმოშობასა და გავრცელებაში ბრალს დებდნენ ამერიკას, საქართველოში კი ლუგარის ლაბორატორიას
2.ორივე ჯგუფის წარმომადგენლები პოზიციონირებდნენ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ადანაშაულებდნენ მთავრობას ეკლესიასა და ზიარების რიტუალზე თავდასხმისთვის
3. ორივე ჯგუფის წარმომადგენლები Facebook გვერდებზე ავრცელებდნენ კონსპირაციებს თითქოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის უკან, ვინც ცდილობს ზიარების წესის შეცვლას, პროდასავლური ძალები და საქართველოში დასავლეთიდან მართული ლიბერალური ელიტა დგარს.
4. გამოიკვეთა ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებშიც მათი საერთო დამოკიდებულება. კონკრეტულად, ორივე ჯგუფის მიმდევრები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას თითქოს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ იტალიას ერთადერთი დახმარების ხელი რუსეთმა გაუწოდა.
უჩა ნანუაშვილის თქმით ერთ წელზე მეტია რაც აკვირდებიან ულტრამემარჯვენე გაერთიანებებს და ზოგადად ეს ჯგუფები საკმაოდ აქტიურები არიან ამ ბოლო დროს, კორონავირუსამდე და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდშიც.
ულტრანაციონალური ჯგუფები სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ დეზინფორმაციასა და სხვადასხვა მანიპულაციებს.
დეზინფორმაციაა თითქოს COVID 19ის ვაქცინაზე გამოსახულია სიკვდილის ღმერთი აბინუსი. სინამდვილეში ფოტოზე გამოსახულია მოძრავი ტესტირების მანქანები, რომლებიც ეკუთვნის  AardvarkMobileTours კომპანიას. ის ნიშანი კი, რომელსაც სიკვდილის ღმერთად მოიხსენიებენ, რეალურად კომპანიის ლოგია.  სიმბოლო გამომდინარეობს კომპანიის სახელიდან, Aardvark და წარმოადგენს ამავე სახელობის ცხოველის, აარდვაკარის (მილკბილა)  სიმბოლოს. რაც შეეხება ანუბისს, ის ძველი ეგვიპტური რელიგიის თანახმად სიკვდილის ღმერთია. მას ტურის ან ძაღლის თავით გამოსახავდნენ.
დეზინფორმაციაა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ჯგუფის მტკიცება, რომ თუ მშობლები კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ტესტირებასა და ვაქცინაციზე უარს იტყვიან, მათ ბავშვი ჩამოერთმევათ. სინამდვილეში, “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მანამ შემუშავდა და დამტკიცდა, ვიდრე პანდემიის პრობლემა იჩენდა თავს. კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ტრენინგთან კავშირის აბსურდულობას ისიც მოწმობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა ჯერ შექმნილი არ არის, ხოლო ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის.
დეზინფორმაცია, თითქოს ფაუჩის და გეითსის წინააღმდეგ პროცესები დაიწყო, ობამას ფონდთან ერთად, ვირუსის ხელოვნურად შექმნასა და გავრცელებაში.  აღნიშნული სტატია სიცრუეა, დოქტორი ფაუჩისა და ბილ გეიტსის წინააღმდეგ პროცესები ამერიკაში არ დაწყებულა.ბილ გეიტსის წინააღმდეგ ბრალდებები ჩიპიზაციაზე და ბავშვებზე ცდების ჩატარების თაობაზე არახალია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ მომზადებული მასალები მითების დეტექტორსაც აქვს.
მოქმედების დროა!
ულტრანაციონალური ჯგუფებისთვის საკმაოდ კარგი ხელსაყრელი იარაღი აღმოჩნდა COVID 19 და "ფეისბუქ" პლატფორმაზე სხვადასხვა დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით ცდილობდნენ მასობრივი შიში და მღელვარება შეეტანათ საზოგადოებაში. ფართოდ გაავრცელეს ანტიდასავლური გზავნილები და სოციუმში შექმნეს წარმოდგენები თითქოს დასავლეთი, ევროკავშირი არის სუსტ სახელმწიფოთა ერთობა, რომელმაც ვერ გაუმკლავდა COVID 19-ის პანდემიას და შესაბამისად საქართველოს პროდასავლური არჩევანი არის შეცდომა.დასავლეთი გამოაცხადეს ვირუსის განზრახ შემქმნელებად და გამამვრცელებლებად, რითიც გაზარდეს უნდობლობა და უარყოფითი განწყობილება მათ მიმართ.
ნათლად წარმოაჩინეს მათი არნტისახელმწიფოებრივი ქმედებებიც, კონკრეტულად კი ცდილობდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმით საფრთხის გამომწვევი რისკები და ყურადღება ეკლესიიდან მედიაზე გადაეტანათ. მოითხოვდნენ მედიების, განსაკუთრებით პირველი არხისა და მთავარის დახურვას, რაც პირდაპირ აყენებს ზიანს სიტყვის თავისუფლებას, ინფორმაციის მიღების უფლებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ამასთან, ლიბერალურ ძალებს მოიხსენიებდნენ, როგორც ეკლესიის თავდასხმაზე მაორგანიზებლებად და კორონა ვირუსის გავრცელების წყაროდ მათ მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით საქართველოში არსებულ არასამთავრობოებსა და ცდილობდნენ ხალხში ნეგატიური განწყობების გაძლიერებას მათ მიმართ.
მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა COVID 19-ის ვაქცინის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში და ავრცელებდნენ ჯერ შეუქმნელი ვაქცინის გამოყენების დაუშვებლობაზე ინფორმაციას. ვფიქრობ, ეს იყო განზრახ შექმნილი კამპანია, ვინაიდან ვაქცინაზე ძირითადად მუშაობენ დასავლური სახელმწიფოები, შესაბამისად ვაქცინის დიკრედიტაციით ავტომატურად მოხდებოდა ზიანის მიყენება დასავლეთზეც.
საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ ულტრანაციონალური ჯგუფები დღემდე აგრძელებენ მავნებლური ქმედებების განხორციელებას სხვადასხვა პლატფორმებზე და მნიშვნელოვანია ამის საპასუხოდ მოხდეს ორგანიზებულად მათ მიერ გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის განეიტრალება.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
ნესტან ანანიძე

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website